მაკა ბოჭორიშვილი - ევროკომისიის ანგარიშით დადასტურდა, რომ ქვეყანა სწორ ნაბიჯებს დგამს, იმედი გვაქვს, შეფასება ასახვას ჰპოვებს  კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაში
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკომისიის ანგარიშით დადასტურდა, რომ ქვეყანა სწორ ნაბიჯებს დგამს, იმედი გვაქვს, შეფასება ასახვას ჰპოვებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაში

ვნახეთ, რომ საქართველოს შეფასება საკმაოდ პოზიტიურია. ყველა მიმართულებით პროგრესი გვაქვს. ძალიან ბევრი მიმართულებით წინ ვუსწრებთ კანდიდატ ქვეყნებს, რაც იმ ყოველდღიური მუშაობის შედეგია, რასაც ხელისუფლება ასოცირების ხელშეკრულების შესასრულებლად 2014 წლიდან აკეთებს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკომისიის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშით დადასტურდა, რომ საქართველოს პროგრესი მნიშვნელოვანია, ქვეყანა სწორ ნაბიჯებს დგამს.

„იმედი გვაქვს, ევროკომისიის შეფასება შესაბამის ასახვას ჰპოვებს უკვე ევროკავშირის საბჭოს დასკვნებსა და იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, რომელსაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ველოდებით. პროცედურის გათვალისწინებით, ჯერ კეთდება ქვეყნების შეფასება და შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ვიცით, ევროკავშირის მხრიდან რა მდგომარეობაში მოხდა ივლისში გადაწყვეტილების მიღება. ევროკავშირი, ევროკავშირის საბჭო მოსაზრებებს ვერ დაელოდა და ივლისში მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, როცა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, თუმცა ნორმალურ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ უნდა ყოფილიყო მიღებული, რაც გამოქვეყნდებოდა შეფასებები, რაც გუშინ ვიხილეთ. ცხადი და ცალსახაა, რომ საქართველო რეგიონში რჩება ლიდერად და არის რეფორმების კუთხით საკმაოდ წინ წასული. ეს ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველო რეფორმების კუთხით ლიდერია და ქვეყანას ყველა მონაცემი აქვს, რათა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ჰქონდეს; ასევე ადასტურებს, რომ როგორც სტატუსი, ასევე მესამე ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და ევროკავშირის წევრები პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ, თუმცა ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის ევროკომისიის შეფასება საფუძველია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.