მთელი წლის განმავლობაში აქტუალური თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ბევრი სპეკულაცია მოჰყვა განცხადებას, რომელიც ერთი წლის წინ გაკეთდა. ერთი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ, რეალურად, მარტივი რამ თქვა – ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ უნდა გამხდარიყო ქვეყნის შიდა პოლიტიკური ბრძოლის განმსაზღვრელი, რადგან ეს აზიანებდა ინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ეს განმარტება სხვაგვარად ითარგმნებოდა და განსხვავებული ინტერპრეტაციებით ვრცელდებოდა.
„შეიძლება ითქვას, ევროკავშირის მხრიდანაც გაკეთდა განცხადებები, რომლებმაც დააბრალეს საქართველოს ევროკავშირთან დიალოგის შეწყვეტა, მაშინ როცა დიალოგი სინამდვილეში ევროკავშირის მხრიდან იყო შეჩერებული, ჯერ კიდევ ივნისში. მაგიდაზე როდესაც უკვე იდო ევროკავშირის მხრიდან დიალოგის შეჩერებაზე გადაწყვეტილება, იმის თქმა, რომ ამ განცხადებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე რაიმე რეალური, ნეგატიური ეფექტი ჰქონოდა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. ამ განცხადებით არ მომხდარა არაფერი, რაც გააჩერებდა დიალოგს ევროკავშირთან. ამ განცხადებით მოხდა დეკლარირება მარტივი რამის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და არ უნდა გამოყენებულიყო ამისთვის. თუმცა მთელი წელია, ვხედავთ და ვაკვირდებით, რომ გრძელდება ბრძოლა იმისთვის, რომ სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული თემები იქცეს საქართველოში რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის მსაზღვრელი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ხალხმა უნდა გამოიტანოს დასკვნა, რას ემსახურება ეს ყველაფერი, რამდენად ეხმარება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ის, როდესაც სწორედ ამ თემით ხდება სპეკულირება და რადიკალური დღის წესრიგის განსაზღვრა.
„ხომ ფაქტია, რომ კეთდება განცხადებები ბრიუსელიდან, შემდგომ ორი-სამი დღე სწორედ ამის გარშემო ტრიალებს პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში. ეს ყველაფერი აზიანებს საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად მოქმედებს ამ პროცესზე, თუმცა ამ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვერ დავაკისრებთ საქართველოს ხელისუფლებას, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირთან დიალოგზე. ევროკავშირის მხრიდან, ბიუროკრატიის მხრიდან როცა გვესმის ასეთი განცხადებები, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს ევროკავშირში, მეორე მხრივ, იგივე ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოს ხელისუფლებას არ ესაუბრონ. ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია. ერთი მხრივ, ამბობ, რომ გინდა, იხილო საქართველო ევროკავშირში და, მეორე მხრივ, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან წყვეტ დიალოგს. ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება პროცესი, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოზე. ეს არის ორმხრივი პროცესი. ჩვენი ვალდებულებაა, საქართველო მოვამზადოთ ევროკავშირში წევრობისთვის. ანუ საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც თავსებადი იქნება იმ სივრცისთვის. ეს გულისხმობს შესაბამისი რეფორმების გატარებასაც, შესაბამისი სტანდარტების დანერგვასაც და ჩვენი ქვეყნის ისეთ ქვეყნად ქცევას, რომელიც მსგავსი იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, გაუძლებს იმ კონკურენციას, რომელიც არსებობს ევროკავშირში. ამას სჭირდება ქვეყნის ეკონომიკურად მომზადება. სწორედ ამას აკეთებს საქართველო. ყველაფერს აკეთებს, რათა ყველანაირი სტანდარტი წინ წაწიოს.
ევროკავშირი წარმოადგენს იმ ქვეყნების გაერთიანებას, რომლებიც დღეს მსოფლიოში მოწინავე ქვეყნები არიან. როცა ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, სოციალურ პირობებზე, ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და იმ გარემოზე, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ, სწორედ ამ მხრივ არის ევროკავშირი მიმზიდველი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან ეს არის დღეს თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ მოწყობილი სივრცე. ევროკავშირში წევრობა ორმხრივი პროცესია. ერთი მხრივ, ქვეყანა მოემზადოს წევრობისთვის, მეორე მხრივ – პოლიტიკური ნებაა ევროკავშირის მხრიდან, რომ მიიღოს ახალი სახელმწიფოები“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, „თუ დავიჯერებთ, რომ ევროკავშირს ნამდვილად სურს გაფართოება, ეს უნდა დაამტკიცოს გაფართოების პოლიტიკის რეალური ქმედებებით“.
„ბევრი წელია, ვაკვირდებით განცხადებებს თუნდაც ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებით, ვაკვირდებით პროცესს, რომელიც უსაშველოდ გაწელილია. თუმცა, ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურია გაფართოების საკითხი. 2020 წლამდე ეს თუ ფაქტობრივად დახურული თემა იყო ევროკავშირისთვის, დღეს ამაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. ამ ყველაფერს დღეს სჭირდება რეალობად ქცევა. იყო საუბრები მონტენეგროსთან, ალბანეთთან დაკავშირებით, რომ ისინი შევლენ ევროკავშირში. თუმცა არიან ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკრაინა, როგორც ყველაზე დაზარალებული ქვეყანა, უნდა იყოს პირველი, რომელიც შევა გაფართოების ტალღით ევროკავშირში. ამ ყველაფერს თან ახლავს ძალიან სერიოზული ემოციური ფონი, რაც უკავშირდება ომს უკრაინაში. როდესაც ომი დასრულდება და რეალურად იქნება ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარი, ბევრი სხვა ფაქტორი შემოვა დღის წესრიგში, რისთვისაც აუცილებლად მზად უნდა ვიყოთ. 2030 წელს საქართველო იქნება ყველაზე მეტად მომზადებული ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის წევრობისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
