მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის გზავნილი არის კიდევ ერთხელ დადასტურება, რა სჭირდება საქართველოს ევროკავშირისკენ სვლისთვის, პირველ რიგში, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის გზავნილი არის კიდევ ერთხელ დადასტურება, რა სჭირდება საქართველოს ევროკავშირისკენ სვლისთვის, პირველ რიგში, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მეგობრები აფასებდნენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საერთო სურათს და არ ხდებოდეს თითოეული ფაქტის კონტექსტიდან ამოგლეჯილად განხილვა, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის დღევანდელი გზავნილი არის კიდევ ერთი დადასტურება, თუ რა სჭირდება საქართველოს ევროკავშირისკენ სვლისთვის.

ბოჭორიშვილის განმარტებით, პირველ რიგში, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის.

„ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორებისგან ბევრი გზავნილი მოვისმინეთ, რაც ძალიან საყურადღებოა. მსგავსი საერთაშორისო ხმაური ჩვენი ქვეყნისთვის სახარბიელო სურათს შეიძლება არ ქმნიდეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი მეგობრები აფასებდნენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საერთო სურათს და არ ხდებოდეს თითოეული ფაქტის კონტექსტიდან ამოგლეჯილად განხილვა, მათ საერთო სურათი ჰქონდეთ.

ევროკავშირის დღევანდელი გზავნილი არის კიდევ ერთხელ დიაგნოზი, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ სვლისთვის. პირველ რიგში, უნდა დასრულდეს ის პოლარიზაცია, რაც არის პოლიტიკურ პარტიებს შორის. გვქონდეს ინკლუზიური საპარლამენტო ცხოვრება, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა დასრულდეს ბოიკოტის რეჟიმი და ოპოზიციამ გააგრძელოს მუშაობა პარლამენტიდან.

ასევე, გვქონდეს ისეთი ინსტიტუტები, რომელსაც ექნება საზოგადოების დიდი ნდობა. ასეთი ინსტიტუტების მშენებლობა შეიძლება მხოლოდ ინკლუზიური საპარლამენტო ცხოვრებით ისეთ დროს, როცა ყველა პოლიტიკური პარტია ჩართული იქნება საკანინმდებლო პროცესში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ „გადამწყვეტია, ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, პარლამენტში შესვლის ჩათვლით“. ამასთან, აღნიშნულია, რომ პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის საფრთხეს ქმნის.