მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები, 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები, 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ძირითადად საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში პარლამენტის როლს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც დღეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში დგას, მათ შორის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი, თუ რა გაკეთდა საქართველოს პარლამენტში.

„ელჩს აქვს დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე, ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზე, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ, საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მიიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარე, რასაც საქართველო აკეთებს რეკომენდაციების შესრულების კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს შესაბამისი მოლოდინი, როდის და როგორ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით. არის ასევე პრაქტიკული საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებასთან. ასევე, ვისაუბრეთ სექტორული თანაშრომლობის გაძლიერებაზე და იმ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

ევროკომისიამ მუშაობა დაასრულა იმ დოკუმენტზე, რომელიც შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის დონეს. ვიცით ასევე, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ მაღალი შეფასებები ყველა მიმართულებით და ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ. ეს დოკუმენტი გადის საბოლოო პოლიტიკურ განხილვებს ევროკავშირის ინსტიტუტებში და იმედი გვაქვს, მალე ვიხილავთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რეალურად დავინახოთ, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს, გამოჩნდეს, სად დგას საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით“, – განუცხადა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს.