მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის, ევროკავშირის წევრობა ქართული იდენტობის, ღირსების, მომავალი თაობის თავისუფლების დასაცავად გვინდა და არა - ცალ ფეხზე დგომა კუთხეში
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის, ევროკავშირის წევრობა ქართული იდენტობის, ღირსების, მომავალი თაობის თავისუფლების დასაცავად გვინდა და არა - ცალ ფეხზე დგომა კუთხეში

იმ კოლეგებს მივმართავ, ვინც ამ დარბაზიდან ხელაღებით აწარმოებს ტყუილზე დაფუძნებულ ზიზღის, სიძულვილის, უმძიმესი ბრალდებების დაუნდობელ კამპანიას, შეგნებულად ახალისებს ძალადობას, თქვენი ძლიერი მხარე არის მხოლოდ სიყალბე, ტყუილი და სიძულვილი, სამივე განწირულია მარცხისთვის, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ოპოზიციის ნაწილს პლენარულ სხდომაზე.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ბევრი რამ შეიძლება, დააბრალო საქართველოს და მის ხელისუფლებას, მაგრამ არა რუსობა.

„აბსურდია, როცა ღალატში დებთ ბრალს ვინმეს ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოდ საერთოდ არ თვლით და ზოგადად სამშობლოს ერთგულება სრულიად უცხო ცნებაა თქვენთვის. თქვენთვის ცხოვრების წესად იქცა საქართველოსთვის ძირის გამოთხრა და ამისთვის სწორედ ის მომავალი თაობა გაგცემთ პასუხს და ძალიან მალე ჩაგანაცვლებთ, რომელსაც დღეს გინდათ, ამოეფაროთ და მხოლოდ ინსტრუმენტად გამოიყენოთ. ვინც საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ იბრძვის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ასეთი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია, მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა, ბევრი რამ შეიძლება დააბრალოთ საქართველოს და მის ხელისუფლებას, მაგრამ არა რუსობა. ამაზე დიდი ცინიზმი არ არსებობს. ერს, რომელიც 30 წელზე მეტია, იბრძვის რუსეთის გავლენის სფეროდან თავის დასაღწევად, ვინც იმას ეუბნება, რომ პრორუსი ხელისუფლება აურჩევია, მხოლოდ დასცინის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, „დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის გადაწყვეტილებითაც ქართველი გმირი სამხედროები ბოლომდე იდგნენ ავღანეთში ნატო-ს ძალების მხარდამხარ“.

„ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი, დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის გადაწყვეტილებითაც ქართველი გმირი სამხედროები ბოლომდე იდგნენ ავღანეთში ნატო-ს ძალების მხარდამხარ. დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის გადაწყვეტილებითაც ქართველი გმირი ჯარისკაცები ევროკავშირის მისიებში მსახურობდნენ ცენტრალურ აფრიკაში და მალიში. თქვენ კი რუსის იარლიყს აკერებთ. საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოებში ათწლიანი ბრძოლის შედეგად რუსეთს სამართლებრივად დაარქვა ოკუპანტი ქვეყანა. ეს მაშინ, როდესაც 2008 წელს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო, რომ რუსეთის აგრესიისთვის მსოფლიოს თავის სახელი ეწოდებინა და ეთქვა, რომ ეს იყო „რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ“. დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის პრინციპული გადაწყვეტილებით 2014 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით, რამაც შეუქცევადი გახადა ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს მხოლოდ მაიდნის შემდეგ მოახერხა უკრაინამ და მაშინ ვერ მოახერხა სომხეთმა. საქართველოს ხელისუფლებაში დღეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყველაზე მეტი საფრთხის ქვეშაა დღეს, მიუხედავად უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებისა და ბრალდებებისა, მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დანაშაულია რუსული იარლიყის მიკერება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტებისთვის და, ზოგადად, საკანონმდებლო პროცესისთვის.

„სიყალბეა, როდესაც თქვენ საუბრობთ საქართველოს ევროპულ მომავალზე. იმიტომ, რომ თქვენთვის უცხოა ხალხის მოსმენა, უცხოა დემოკრატიის მთავარი საფუძველი ადამიანი და მისი უფლებები, უცხოა სახელმწიფოს ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვა და თქვენთვის უცხოა ღირსება. კანდიდატის სტატუსი, რომელზეც ამდენს საუბრობთ, აქციეთ ბრძოლის იარაღად და არა – მიზნად. ამაშია განსხვავება თქვენსა და ჩვენს შორის. ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, თქვენ კი ქვეყნის ევროპული მომავალი მხოლოდ სპეკულაციებისთვის და იარაღად გჭირდებათ. ღალატი არის ის, რასაც თქვენ ყოველდღიურად აკეთებთ: შეგნებულად ლობირებთ, ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ამ ხელისუფლების პირობებში და შემდეგ ეს გამოიყენოთ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. დანაშაულია რასაც ვაშაძე და მისი კომპანია აკეთებენ დღეს ბრიუსელში. დანაშაულია რუსული იარლიყის მიკერება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტებისთვის და, ზოგადად, საკანონმდებლო პროცესისთვის. დანაშაულია, როცა საქართველოს ხელისუფლებას ეძახით რუსულს და ამით ისეთი პროცესების გამოწვევა გსურთ, რაც ქვეყანას არა თუ ევროპულ მომავალს დააკარგვინებს, არამედ არსებობა შეიძლება, დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის. ჩვენ ევროკავშირში წევრობა ქართული იდენტობის, ღირსების, საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს მომავალი თაობის თავისუფლების დასაცავად გვინდა და არა – ცალ ფეხზე დგომა კუთხეში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.