მაკა ბოჭორიშვილი - ესტონელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე, მის ხელისუფლებაზე შეტევები ახალი აღარ არის, გვესმის განცხადებები, რომლებიც შეიძლება აღვიქვათ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად
მაკა ბოჭორიშვილი - ესტონელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე, მის ხელისუფლებაზე შეტევები ახალი აღარ არის, გვესმის განცხადებები, რომლებიც შეიძლება აღვიქვათ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად

ესტონელი პოლიტიკოსების მხრიდან შეტევები, რაც საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე ხორციელდება, უკვე ახალი აღარ არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, პოზიციები, რაც გამოითქმის მათი მხრიდან, აბსოლუტურად შეუსაბამოა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისთვის, რომელიც უნდა ჯდებოდეს საერთაშორისო ნორმის სტანდარტებში.

„ძალიან ხშირად გვესმის განცხადებები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ აღვიქვათ, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. გვესმის განცხადებები, რომლებიც მიმართულია საქართველოს იმიჯის, საქართველოს დისკრედიტაციისთვის საერთაშორისო არენაზე და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს კეთდება ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრების ხელით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „საქართველო ახლანდელი კურსით ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში, ხელისუფლება თუ გააგრძელებს ძალადობას, მზად ვართ, გავამკაცროთ სანქციები, მათ შორის, გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა“.