მარგუს ცაჰკნა - საქართველო ახლანდელი კურსით ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში, ხელისუფლება თუ გააგრძელებს ძალადობას, მზად ვართ, გავამკაცროთ სანქციები, მათ შორის, გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა
მარგუს ცაჰკნა - საქართველო ახლანდელი კურსით ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში, ხელისუფლება თუ გააგრძელებს ძალადობას, მზად ვართ, გავამკაცროთ სანქციები, მათ შორის, გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა

საქართველოს ხელისუფლება თუ გააგრძელებს ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის, გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ცაჰკნამ აღნიშნა, კრიზისიდან გამოსვლისა და ნდობის აღდგენის გზა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებაა.

მისივე თქმით, საქართველო ახლანდელი კურსით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.

„სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოებაც, შეიძლება, შეტრიალდეს, რასაც ადასტურებს საქართველოში განვითარებული მოვლენები, როდესაც მმართველი პარტია ქვეყანას უფრო აშორებს როგორც დემოკრატიას, ასევე დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას. ნათელია, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში ახლანდელი კურსით და ხალხს, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებაშია საქართველოში, ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენ ვთქვით, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლის და ნდობის აღდგენის გზაა. ხელისუფლება თუ გააგრძელებს ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა“, – განაცხადა ცაჰკნამ.