მაკა ბოჭორიშვილი - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და აშშ-თან საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ქარდებზე საუბრისას აღნიშნა.
„ზოგადად ვიტყოდი, რომ პარტნიორობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ასევე, როცა ვსაუბრობთ საქართველოს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან ურთიერთობაზე, რომელიც ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება, უფრო სერიოზული უნდა ვიყოთ.
უფრო სერიოზული უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება დიალოგს, პარტნიორობას, თანამშრომლობას, ვინაიდან ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორების. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.