მაკა ბოჭორიშვილი - დიდი მნიშვნელობა აქვს სკანდინავიის ქვეყნებთან პოლიტიკურ დიალოგს, მათ ინფორმირებას, რა მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება
მაკა ბოჭორიშვილი - დიდი მნიშვნელობა აქვს სკანდინავიის ქვეყნებთან პოლიტიკურ დიალოგს, მათ ინფორმირებას, რა მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სკანდინავიის ქვეყნებში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს ემთხვევა.

ბოჭორიშვილის განმარტებით, ვიზიტი ნორვეგიიდან იწყება. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს სკანდინავიის ქვეყნებთან პოლიტიკურ დიალოგს, მათ ინფორმირებას, რა მნიშვნელობისაა საქართველოს მომავლისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება.

„თვის ბოლოს დაგეგმილია ნატო-ს სამიტი და ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ნორვეგიელ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა, რას შეიძლება ელოდებოდეს საქართველო ნატო-ს სამიტისგან. ასევე, მნიშვნელოვანია სკანდინავიის სხვა ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, პოლიტიკური გზავნილების ჩატანა, თუ რა პასუხს ელოდება საქართველო ევროკავშირისგან, რა სახის მხარდაჭერას ველოდებით ევროკავშირის წევრი პარტნიორი ქვეყნებისგან. ასევე, როგორ შეიძლება გავაღრმაოთ საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, როგორ გავაძლიეროთ ეკონომიკური კავშირები, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას.

რამდენადაც ინფორმაციას ვფლობთ, დანიაში, შვედეთსა და ფინეთში პოზიციები არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული. ტრადიციულად, ისინი საკმაოდ სკეპტიკურ ქვეყნებში მოიაზრებიან, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ სკანდინავიის ქვეყნებთან პოლიტიკურ დიალოგს, მათთვის გაცნობას და ინფორმირებას, სტრატეგიულად რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირისგან პოზიტიური გზავნილების მიღება, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, და რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ამ ეტაპზე ევროკავშირისგან პოზიტიური სიგნალებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სკანდინავიურ ქვეყნებს – ნორვეგიის სამეფოს, დანიის სამეფოს, ფინეთის რესპუბლიკას და შვედეთის სამეფოს ეწვევა.