მაკა ბოჭორიშვილი - „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ არის კარგი შესაძლებლობა, პარტნიორებს დავანახოთ ჩვენი პოზიციები, როგორ ვუყურებთ გლობალურ გამოწვევებს, რაც დღეს დგას ევროპის წინაშე
მაკა ბოჭორიშვილი - „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ არის კარგი შესაძლებლობა, პარტნიორებს დავანახოთ ჩვენი პოზიციები, როგორ ვუყურებთ გლობალურ გამოწვევებს, რაც დღეს დგას ევროპის წინაშე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ერთ-ერთი განსახილველი თემა არის შავ ზღვასთან დაკავშირებული საკითხი და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაში მონაწილეობა.

ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან კიდევ ერთხელ გაჟღერდეს, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ამ საკითხს, როგორ უყურებს საქართველო პარტნიორებთან შავი ზღვის გარშემო თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით ევროკავშირის მიმართულებით, რათა გაიზარდოს შავი ზღვის როლი, ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაღრმავების კონტექსტში.

„ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სწორედ საქართველოს პოზიციონირება შავ ზღვასთან დაკავშირებით. ამასთანავე, იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბარი, რაც დღეს ჩვენ გარშემო არსებობს და უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე“ განსახილველ საკითხებს შორის არის უსაფრთხოების საკითხებიც.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც იკრიბებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, განსაკუთრებით პოლიტიკოსები, ექსპერტები და ძირითადად მსჯელობენ ეკონომიკურ საკითხებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, განხილვის საკითხი არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ის დღის წესრიგი, რაც დღეს ევროპის წინაშე დგას, გლობალური გამოწვევები, რომლებიც დღეს ევროპის წინაშეა, ეს ყველაფერი განიხილება „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში და მნიშვნელოვანია, ამ განხილვების ფარგლებში იყოს საქართველოს საკითხები წარმოდგენილი. ეს იყო კარგი შესაძლებლობა, ჩვენი პარტნიორებისთვის მიგვეწოდებინა და დაგვენახებინა ჩვენი პოზიციები, ხედვები, როგორ ვუყურებთ სწორედ იმ გლობალურ გამოწვევებს, რაც დღეს დგას ევროპის წინაშე და როგორ ვხედავთ ჩვენს როლს ამ მიმართულებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.