მაკა ბოჭორიშვილი - დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე ახლა უკვე მთავრობის მეთაურის პოზიციიდან გამორჩეულ წვლილს შეიტანს სუვერენული, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში
მაკა ბოჭორიშვილი - დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე ახლა უკვე მთავრობის მეთაურის პოზიციიდან გამორჩეულ წვლილს შეიტანს სუვერენული, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში

სრულად ვიზიარებ იმ აქცენტებს, რაც თქვენ გამოყავით და განსაზღვრეთ პრიორიტეტულ მიმართულებებად, მივესამლები ასევე თქვენს ღიაობას და პრობლემებზე არა თვალის დახუჭვას, არამედ კარგად გააზრების მიდგომას, – ასე მიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს.

ბოჭორიშვილის თქმით, წინ ბევრი ეტაპია გასავლელი, დასაძლევია ძალიან ბევრი გამოწვევა და ამ საქმეში წარმატებას, პირველ რიგში, სჭირდება ქვეყნის სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლა და საზოგადოების სწორი განვითარება.

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „ხშირად ხდება ხაზგასმა ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების გეოპოლიტიკურ თუ პოლიტიკურ ასპექტებზე იმის საჩვენებლად, თითქოს საქართველო კი არ იმსახურებდა ევროკავშირის კარის გაღებას, არამედ რაღაც ჩვენგან დამოუკიდებელმა მიზეზებმა თუ მოცემულობამ აიძულა ევროკავშირი, მიეღო ეს გადაწყვეტილება“.

„ევროკავშირის გადაწყვეტილებებს აქვს პოლიტიკური ხასიათი, მაგრამ ვინც ამაზე აკეთებთ აქცენტს, იქნებ ისიც გააცნობიეროთ, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკის კეთება სჭირდება, რომ შედეგი მიიღო მაშინ, როდესაც ნიშნის მოგებით საუბრობთ ევროკავშირის გადაწყვეტილების პოლიტიკურ საფუძვლებზე, ისიც უნდა აღიაროთ, რომ „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკური ნაბიჯები იყო სწორედ ის, რამაც ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დაუდო პოლიტიკური საფუძველი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, რომ არა ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მიღწეული პროგრესი, რაც უპირობოდ ადასტურებს საქართველოს ლიდერობას დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში, ეს გადაწყვეტილება არათუ მიღებული, საერთოდ განხილულიც არ იქნებოდა.

„რომ არა „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური გუნდის, ძლისხმევა 12 რეკომენდაციის შესრულების საქმეში, ვერც ევროკომისიის რეკომენდაცია იქნებოდა დადებითი კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და პრემიერმინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს მიმართა: „დარწმუნებული ვარ, თქვენ, ახლა უკვე მთავრობის მეთაურის პოზიციიდან, გამორჩეულ წვლილს შეიტანთ არა ფსევდოევროპული, არამედ ნამდვილად ევროპული ფასეულობების დაცვაში, გაძლიერებაში და სუვერენული, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, რომელიც ღირსეულად დადგება ევროპული სახელმწიფოების გვერდით“.