მაკა ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტართა შეფასება მნიშვნელოვანია, 43 პროცენტსა და შესაძლო რიგგარეშე არჩევნებზე ყველა კითხვა არის მოხსნილი
მაკა ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტართა შეფასება მნიშვნელოვანია, 43 პროცენტსა და შესაძლო რიგგარეშე არჩევნებზე ყველა კითხვა არის მოხსნილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ევროპარლამენტართა შეფასებები ერთი მხრივ, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ჩატარდა კონკურენტუნარიანი არჩევნები, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ 43 პროცენტსა და შესაძლო რიგგარეშე არჩევნებზე ყველა კითხვა არის მოხსნილი.

მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რადგან ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და არა სპეკულაციები.

„უნდა შევაფასოთ, რას ნიშნავს ის, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ევროპარლამენტის დელეგაცია აკვირდებოდა, რადგან ეს არ არის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა. არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვეთ საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლა და აქ ევროპარლამენტარების სრული მისია იმყოფებოდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რაც ევროპარლამენტარებმა გააკეთეს – ერთი, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ჩატარდა კონკურენტუნარიანი არჩევნები, სადაც ყველას ჰქონდა საარჩევნო კამპანიის წარმართვის შესაძლებლობა. მეორე მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ 43 პროცენტზე და შესაძლო რიგგარეშე არჩევნებზე ყველა კითხვა არის მოხსნილი.

ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რადგან ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და აღარ სჭირდება სპეკულაციები. შესაბამისად, ამ განცხადებით, ყველანაირი სპეკულაცია მოხსნილია“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს ყურადღებით აკვირდებიან, რათა ნახონ, რა არის სამომავლოდ გამოსასწორებელი.

„სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს ყურადღებით ვაკვირდებით, წინა წლის არჩევნების შემდეგ მაქსიმალურად ავსახეთ კანონმდებლობაში ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. ამ შემთხვევაშიც, ყურადღებით ვნახავთ, სად რა არის გამოსასწორებელი. ჩვენი მიზანია, მეორე ტური იყოს მშვიდობიან გარემოში და მოქალაქეებმა არჩევანი თავისუფალ გარემოში გააკეთონ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზემოქმედების გარშემო იმის გამო, რომ არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა, – ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ყველა სტრატეგიული პარტნიორის განცხადება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, მათ მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის განცხადება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, მათ მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობაზე, ამის შესაძლებლობა გვექნება. კრიტიკა, რომელიც მოდის, აპრიორი არ შეიძლება გავიგოთ, რომ მაინცდამაინც ეკუთვნის მმართველ პარტიას, თუმცა პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, აქვს მმართველ პარტიას, როცა ხელისუფლებაშია, და ამას ვაცნობიერებთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ – ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის და ძირითადი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი.