მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მტკიცე და ცალსახა გზავნილის მოსმენა, რომ დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია
მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მტკიცე და ცალსახა გზავნილის მოსმენა, რომ დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მტკიცე და ცალსახა გზავნილის მოსმენა, რომ დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიურ მიმართვაში საქართველოს მიმართ არსებულ გზავნილებზე ისაუბრა.

„ევროკავშირისთვის დღეს მთავარი გამოწვევა არის უკრაინაში რუსეთის აგრესია და ამ აგრესიით გამოწვეული სირთულეები, რასაც მიეძღვნა ძირითადად ევროკომისიის პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მტკიცე და ცალსახა გზავნილის მოსმენა ურსულა ფონ დერ ლაიენისგან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით: დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია, მათი მომავალი არის ევროკავშირში და ეს ქვეყნები უკვე არიან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გზავნილი იყო საქართველოსთვის და საქართველოს ყველა იმ მოქალაქისთვის, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ევროკომისიის სხვა მაღალი წარმომადგენლების გზავნილებიც, რაც გაკეთდა გასული ორი კვირის განმავლობაში, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში.

„ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან დადასტურდა, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის პაკეტში განიხილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სხვა ქვეყნებთან ერთად; ამასთან, მომავალ წელს, როდესაც მომზადდება გაფართოების მორიგი ანგარიში, საქართველოც იქნება მისი ნაწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროგრესი შეფასდება სწორედ გაფართოების პოლიტიკის ანგარიშის ფარგლებში ისე, როგორც დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.