მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია იქით, საითაც მიდის ევროპის საბჭოს მუშაობა, როგორმე შეზღუდონ უცხოური გავლენები, საქართველო მზად არის, მათ გამოცდილება გაუზიაროს
საქართველოს ნამდვილად აქვს უცხოური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება და შეუძლია, ეს სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია სწორედ იქით, საითაც მიდის დღეს ევროპის საბჭოს მუშაობა და საქართველო მზად არის გამოცდილების გასაზიარებლად.
„ზოგადად, უცხოური ჩარევები და უცხოური გავლენები პრობლემა რომ არის ბევრი ქვეყნისთვის, ეს ახალი არ არის, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ხდება ამის აღიარება. ჩვენ ვნახეთ საკმაოდ მწვავე დამოკიდებულება საქართველოს ბრძოლასთან დაკავშირებით სწორად უცხოური გავლენების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეს დამოკიდებულება გარკვეული აქტორების მხრიდან დღესაც გრძელდება, მაშინ, როდესაც ძალიან ცხადია, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები, ინიციატივები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს მიერ, მიმართულია სწორედ იქით, საითაც მიდის დღეს ევროპის საბჭოს ფიქრი და მუშაობა, რომ უცხოური გავლენები როგორმე შეზღუდონ და ამას დაუპირისპირონ საკანონმდებლო ჩარჩო. ეს არის ის, რაზეც საქართველოს ნამდვილად აქვს უკვე დიდი გამოცდილება, რაც შეუძლია, გაუზიაროს სხვა ქვეყნებსაც. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის, ევროსაბჭოს ფარგლებში, რათა ჩვენი გამოცდილება უფრო სწორად იყოს გაგებული, ვიდრე ამას გარკვეული აქტორები აქამდე აკეთებდნენ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა. ამასთან, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველომ ევროპის საბჭოს გაუგზავნა დოკუმენტი უცხოურ გავლენებთან გამკლავების და ბრძოლის მიმართულებით საკუთარი გამოცდილების შესახებ.