მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენი პარტნიორები, დონორი ორგანიზაციები ბევრ კარგს აკეთებენ, რა აქვთ ასეთი დასამალი, რომ ჩვენი პარტნიორების კეთილი მიზნები არ შეიძლება, საზოგადოებამ იცოდეს?
მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენი პარტნიორები, დონორი ორგანიზაციები ბევრ კარგს აკეთებენ, რა აქვთ ასეთი დასამალი, რომ ჩვენი პარტნიორების კეთილი მიზნები არ შეიძლება, საზოგადოებამ იცოდეს?

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული არგუმენტები არგუმენტად ვერ გამოდგება, რადგან არავინ განმარტავს, რატომ
შეიძლება, კანონს რუსული ეწოდოს და გამჭვირვალობა იყოს რაიმე ევროპულთან წინააღმდეგობაში, საუბარია გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებაზე და მეტზე არაფერზე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხარო და უცნაურია, როცა ის ორგანიზაციები, რომლებიც გამჭვირვალობის მომხრე და ხელისშემწყობი უნდა იყვნენ, თავად არიან გამჭვირვალეობის წინააღმდეგი და ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ როგორც კანონის მიზნებზე, ასევე, ზოგადად, კანონზე.

„„გრანტების შესახებ“ ალტერნატიული კანონი არ იძლევა იმ სურათს, რა სურათსაც უნდა იძლეოდეს ორგანიზაციების დაფინანსებაზე გამჭვირვალობა. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ინფორმირება მოხდეს იმის თაობაზე, როგორია ორგანიზაციების დაფინანსება და ვისი ინტერესებით მოქმედებენ. არგუმენტი, თითქოს ეს ვინმეს წინააღმდეგ არის მიმართული, არასწორია. კანონი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. თუ ვინმე კეთილსინდისიერად მოქმედებს, არ შეიძლება, გამჭვირვალობა დაინახოს, როგორც მისი საწინააღმდეგო. როცა გამჭვირვალობას ებრძვი, ალბათ რაღაც დასამალი გაქვს. ეს ასე რომ არ იყოს, ის ამბავი არ მოჰყვებოდა კანონს, რაც მოჰყვა. ჩვენი პარტნიორები და დონორი ორგანიზაციები ბევრ კარგს აკეთებენ და რატომ უნდა დაიმალოს? რა აქვთ ასეთი დასამალი, რომ ჩვენი პარტნიორების კეთილი მიზნები არ შეიძლება, საზოგადოებამ იცოდეს?“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, უნდა იცოდეს საზოგადოებამ, საქართველოში ვინ რა რესურს დებს, რისკენ არის ეს ყველაფერი მიმართული და რა მიზნებს ხმარდება ფინანსები.

„საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. რატომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რა ინტერესები დგას იმ წინადადებების უკან, რასაც ისინი აჟღერებენ და რატომ აქვთ იმის განცდა, რომ ეს უნდა იყოს ნეგატიური და მტრული? ამაზე საუბარი არ არის. გამჭვირვალობა არის კარგი და არ შეიძლება, გამჭვირვალეობა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ქვეყნის ევროპულ კურსთან და დემოკრატიულ განვითარებასთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.