მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენი ოპოზიცია ასეთი ძლევამოსილიც არ არის, რომ მთელი სამყარო უჯერებს, კიდევ ერთი მცდელობაა, საერთაშორისო ორგანიზაციები გამოყენებული იქნეს ვიწრო ჯგუფების მიზნებისთვის
კიდევ ერთი მცდელობაა, საერთაშორისო ორგანიზაციები, ინსტიტუტები გამოყენებული იქნეს პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც აქვთ ვიწრო ჯგუფებს, პატარა ჯგუფებს საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 24 ივნისს დაგეგმილ საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება“.
მისი შეფასებით, მიუღებელია საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობის შერყევა მსგავსი მეთოდებით.
„ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეს ნარატივი, რაც არაერთ რეზოლუციაში დაფიქსირდა, იყოს მაქსიმალურად ყველა ინსტიტუტში გაჟღერებული და მიღებული სხვადასხვა რეზოლუციის ფორმით. ეს არის ზუსტად, როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობები. ეს ვნახეთ ჩვენ სხვადასხვა ინსტიტუტში, მუდმივად ვხედავთ ევროპარლამენტში, ვხედავთ ევროპის საბჭოში. იყო მცდელობა, ეუთო-შიც გამოეყენებინათ, გახსოვთ, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება საქართველოსთან დაკავშირებით. ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, ძალიან ხშირად კეთდება ამაზე აქცენტი და ეს არის სრულიად მიუღებელი, როდესაც ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობის შერყევა სწორედ ასეთი მეთოდებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, – ევროსაბჭო ქვეყნის შიგნით ოპოზიციის ჯგუფების ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს რეზოლუციებს? – ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ ეს ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებია.
„ნამდვილად ასეთი ძლევამოსილიც არ არის ჩვენი ოპოზიცია, რომ მას უჯერებს მთელი სამყარო. ეს ასე არ არის, ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს არის ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები, რომელთაც ემსახურება ოპოზიცია“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.