მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენი მიზანია, ურთიერთობა გვქონდეს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის დედაქალაქთან და მათ კარგად ესმოდეთ ჩვენი პოზიციები
მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენი მიზანია, ურთიერთობა გვქონდეს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის დედაქალაქთან და მათ კარგად ესმოდეთ ჩვენი პოზიციები

ჩვენი მიზანია, ურთიერთობა გვქონდეს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის დედაქალაქთან და მათ კარგად ესმოდეთ ჩვენი პოზიციები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

​როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, როდესაც ევროკავშირი ნებისმიერ საკითხზე იღებს გადაწყვეტილებას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

„როდესაც საქართველო ელოდება შემდგომ პროგრესს ევროკავშირთან ურთიერთობაში, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვასრულებთ რეკომენდაციებს, რომელიც ევროკავშირმა გასცა, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციები. ჩვენი მიზანია, ურთიერთობა გვქონდეს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის დედაქალაქთან და მათ კარგად ესმოდეთ ჩვენი პოზიციები, ჩვენი აღქმები ევროკავშირის ივნისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ასევე თუ რას ვაკეთებთ, რათა ევროკომისიის რეკომენდაციები შევასრულოთ და ასევე რა მოლოდინები გვაქვს. მნიშვნელოვანია იმ გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რაც ჩვენს რეგიონში არსებობს, ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს ინტენსიური ურთიერთობა და განვიხილოთ ყველა ის გამოწვევა, რაც საქართველოს წინაშე დგას და ამ გამოწვევის ფონზე ევროკავშირთან ჩვენი მოლოდინები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საბერძნეთში ვიზიტით იმყოფება, დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და ჰერმან საბო.