მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ვეძებთ კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან, ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვანაცვლებთ, ჩვენი არჩევანი ევროკავშირში ინტეგრაციაა, რასაც ფორუმზე დავაფიქსირებ
საქართველოს სტრატეგიული არჩევანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ საკითხს გამოსვლისას ცხადად დავაფიქსირებ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დისკუსია მულტოვექტორულ დიპლომატიას ეთმობა.
„ეს არის საკითხი, რომელიც რელევანტურია საქართველოსთვის არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობიდან, არამედ, ზოგადად, გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები სათანადოდ იყოს გაჟღერებული სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვაშენებთ პარტნიორობას, ვეძებთ მჭიდრო კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან, ამის მიზანი ერთადერთია, ის როლი, რომელიც საქართველოს დღეს გამოკვეთილად აქვს რეგიონში და დაკავშირებადობას უკავშირდება, იყოს უფრო ეფექტიანად გამოყენებული. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვანაცვლებთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს და ეს ძალიან ცხადად იქნება დაფიქსირებული ჩემს გამოსვლაში. საქართველოს სტრატეგიული არჩევანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენთვის. ამასაც სათანადოდ გავაჟღერებ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.