მაკა ბოჭორიშვილი - ევროპის პოლიტიკურ რუკაზე ადგილი მყარად დავჯავშნეთ, ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილე ყოფილიყო, თუმცა დიდმა ნაწილმა ფსონი დადო ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაზე და წააგო
მაკა ბოჭორიშვილი - ევროპის პოლიტიკურ რუკაზე ადგილი მყარად დავჯავშნეთ, ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილე ყოფილიყო, თუმცა დიდმა ნაწილმა ფსონი დადო ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაზე და წააგო

ჩვენ შევძელით, რომ ევროპის პოლიტიკურ რუკაზე საქართველოს ადგილი მყარად დაგვეჯავშნა. ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ამ მონაპოვრის მონაწილე ყოფილიყო, თუმცა დიდმა ნაწილმა ფსონი დადო ქვეყნის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაზე და, საბედნიეროდ, წააგო, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, თითქმის ორწლიანი პერიოდი და განვლილი გზა ოპოზიციის მორიგი ლუსტრაციის კარგი საშუალება გახდა.

„გასული ორი თვის განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაზე. დღეს ამ ფორმატში პირველად მაქვს შესაძლებლობა, შევეხო ამ მნიშვნელოვან მოვლენას. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას, ვინც საქართველოს განვითარების, წინსვლისა და მშვიდობიანი მომავლის გულშემატკივარია, კიდევ ერთხელ მივულოცავ ევროპული ოჯახის წევრობისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯს. ამ ისტორიულ მომენტამდე სვლა ბევრი ჩვენგანისთვის იყო საპატიო შესაძლებლობა, ჩვენი სამშობლოსთვის და ხალხისთვის საოცნებო ევროპული მომავალი რეალურ შესაძლებლობად გვექცია. ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწია იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ის სიხარული განეცადა, რაც ჩვენს საზოგადოებაში ევროკავშირის საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებამ გააჩინა. ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ამ პროცესს ახლდა, იყო ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის – ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაქცევა ბრძოლის იარაღად და ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის მუდმივი მცდელობები. მიუხედავად საქართველოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებული წარმოუდგენელი კამპანიებისა, ჩვენ შევძელით, ეს ისტორიული შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანას, ხალხს არ დაეკარგა და ევროპის პოლიტიკურ რუკაზე საქართველოს ადგილი მყარად დაგვეჯავშნა. ისიც უნდა ითქვას, რომ თითქმის ორწლიანი პერიოდი და განვლილი გზა გახდა ოპოზიციის მორიგი ლუსტრაციის კარგი საშუალება. ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ყოფილიყო ამ დიდი მონაპოვრის თანამონაწილე, თუმცა, ნაცვლად ამისა, დიდმა ნაწილმა ფსონი დადო ქვეყნის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაზე და, საბედნიეროდ, წააგო, თუმცა კვლავ აგრძელებენ მცდელობებს და ისეთი თემებით მანიპულირებას, რამაც შეიძლება, ქვეყანას ხელი შეუშალოს წინსვლაში.

რა არ სცადეს, დაწყებული საქართველოს „ბელორუსიზაციის“ მცდელობებით, სააკაშვილის „ნავალნიზაციის“ მცდელობებით დამთავრებული; რა არ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას, დაწყებული „მაჩანჩალობიდან“, „შავი ხვრელით“ დამთავრებული; ვისი და რისი ჩაყენება არ სცადეს ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, თუმცა დაავიწყდათ, რომ ძალა, სიძლიერე სიმართლეშია და არა სიცრუეში, სიძულვილში. ისიც დაავიწყდათ, რომ ქართველი ხალხი იმაზე მეტად გონიერია, ვიდრე წარმოუდგენიათ და იმაზე მეტი ადამიანის ხმა დგას საქართველოს ხელისუფლების უკან, ვიდრე მათ შეუძლიათ, დათვალონ. ოპოზიციის უდიდეს ნაწილს არც ხალხის ხმა ესმის და არც ქვეყნის გულისცემა. მცდარი დიაგნოზებით კი იქცნენ შეზღუდული პოლიტიკური შესაძლებლობების გაერთიანებად შეუზღუდავი მადით და ამბიციებით, რომელსაც ერთადერთი რამ ამოძრავებს, იმსახურონ საქართველოს წინააღმდეგ. დღეს ერთადერთი როლი მოირგეს, განახლებული არტისტიზმით შეასრულონ „თავისუფლება მიშას“ სერიალის მომდევნო სერია და დღევანდელი მათი გამოსვლებიც ამის დასტურია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოს წინაშე ახალი ამოცანები დადგა.

„ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, რაც შეიძლება სწრაფად იქცეს ისეთ ქვეყნად, რომელიც შეძლებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გვერდით თანასწორად დგომას ევროკავშირის ქოლგის ქვეშ. ჩვენი ამოცანაა, პირველ რიგში, ვიზრუნოთ მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაზე, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საწინდარი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალის უკეთ გამოყენებაზე, იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობები გავაჩინოთ საქართველოში ჩვენი მოქალაქეებისათვის. ამას სჭირდება არა მხოლოდ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯზე მუშაობა, არამედ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის საუკეთესოდ გამოყენება, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე იყოს მზად ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის. დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო იმართება ბრიუსელში და დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან მეტ სიცხადეს შესძენს ჩვენს მომდევნო ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ახალ მუხტს შემოიტანს ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობებში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.