მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ არ გვჭირდება ქება-დიდება, ჩვენ გვჭირდება რეალურ დღის წესრიგზე დაფუძნებული ურთიერთობები, მაქსიმალურად ვცდილობთ, ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, რეალობა დავანახოთ
მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ არ გვჭირდება ქება-დიდება, ჩვენ გვჭირდება რეალურ დღის წესრიგზე დაფუძნებული ურთიერთობები, მაქსიმალურად ვცდილობთ, ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, რეალობა დავანახოთ

საქართველო ბოლო წლებში იმდენად პოპულარული იყო, ბევრი ძალისხმევა აღარ იყო, მგონი, საჭირო, დღის წესრიგში ვყოფილიყავით, მთავარია, როგორ ვიქნებით. არ დაუშურებიათ ძალისხმევა გარკვეულ ძალებს, რომ საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგში ყოფილიყო და მნიშვნელოვანია, რეალურ დღის წესრიგს დავუბრუნდეთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, – „როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები, რა ნაბიჯები იდგმება ხელისუფლების მხრიდან, რომ აშშ-ის, ევროპის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი მუდმივად იყოს აქტუალური“, – მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რეალობა დაანახოს მას, ვისთანაც აქვს კომუნიკაცია.

ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, დავბრუნდეთ რეალურ დღის წესრიგზე, რაც შეიძლება, არსებობდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რადგან ეს არის ორივე მხარის ინტერესებში.

„ჩვენ არ გვჭირდება ქება-დიდება, ჩვენ გვჭირდება რეალურ დღის წესრიგზე დაფუძნებული ურთიერთობები. არ გვჭირდება მოგონილი თემები, რადგან ეს რეალური დღის წესრიგიც არსებობს, განსაკუთრებით ევროკავშირთან ურთიერთობაშიც. არის უამრავი თემა, რა თემაზეც უნდა გვქონდეს თანამშრომლობა, ერთად უნდა ვიმუშაოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, სწორედ ეს რეალობა დავანახოთ. განცხადებები, რომლებიც გვესმის, ასევე რეზოლუციები სრულიად მოწყვეტილია ყველანაირ რეალურ საფუძველს. ბოლო პერიოდში ევროპარლამენტის მიერ ათი რეზოლუციაა მიღებული. რთული იყო შესაფასებლად, რადგან საერთოდ აცდენილია ყოველგვარ რეალურ სურათს. შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი, დავბრუნდეთ რეალურ დღის წესრიგზე, რაც შეიძლება, არსებობდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რადგან ეს არის ორივე მხარის ინტერესში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.