მაკა ბოჭორიშვილი ჩეხეთში ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეთა შეხვედრას დაესწრება
მაკა ბოჭორიშვილი ჩეხეთში ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეთა შეხვედრას დაესწრება

8-12 ივლისს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით, ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის საბჭოს საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრას დაესწრება, რომლის ფარგლებშიც, ჩეხეთის პრეზიდენტობის პრიორიტეტების პრეზენტაცია და ევროკავშირში არსებული გამოწვევების შესახებ დისკუსია გაიმართება.

COSAC-ის თავმჯდომარეთა შეხვედრაში მონაწილეობას ევროკავშირის 27 და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ონდრჟეი ბენეშიკთან, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ონდრჟეი კოლარჟთან და ჩეხეთის სენატში ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დეივიდ სმოლიაკთან.

მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს ასევე გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

ვიზიტის მიზანია ჩეხეთთან, როგორც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანასთან, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩეხეთის მხარდაჭერის განმტკიცება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.