მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრისას, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და მოლოდინზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წარმატებით გატარებულ რეფორმებს.

შეხვედრისას ასევე განიხილეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა, მიღწეული პროგრესი და გამოწვევები.

მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა და პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული ევროპული ინსტიტუციების მიერ და აისახება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, მათ შორის ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში.