მაკა ბოჭორიშვილი - ბრიუსელი მიესალმება კრიზისის დასრულებას საქართველოში და შეთანხმებას პოლიტიკურ პარტიებს შორის
მაკა ბოჭორიშვილი - ბრიუსელი მიესალმება კრიზისის დასრულებას საქართველოში და შეთანხმებას პოლიტიკურ პარტიებს შორის

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პლენარულ სხდომაზე კოლეგებს გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ბრიუსელში ვიზიტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ბრიუსელში არსებულ მოლოდინებზე და გზავნილებზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ბრიუსელი მიესალმება კრიზისის დასრულებას საქართველოში და შეთანხმებას პოლიტიკურ პარტიებს შორის.

„ბრიუსელი მიესალმება კრიზისის დასრულებას საქართველოში და შეთანხმებას პოლიტიკურ პარტიებს შორის. საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულობას ალტერნატივა არ აქვს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. მოლოდინი არის, რომ ამ დროისთვის პარლამენტს მიღმა დარჩენილებიც საბოლოოდ გადაწყვეტენ პარლამენტში შემოსვლას და მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო საქმიანობაში. ბრიუსელი პოლიტიკური პარტიებისგან ელოდება, რომ კეთილსინდისიერად ჩაერთვებიან შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებაში და ჩვენ შევძლებთ პოზიციების მაქსიმალურად დაახლოებას შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გატარების პროცესში. ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ ცალსახად მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე 2024 წელს დაგეგმილი ნაბიჯების გადასადგმელად. საქართველოს ცალსახად უყურებენ, როგორც ლიდერ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ ჩარჩოებში წარმართვა, რათა არ გავფლანგოთ მცირედი შესაძლებლობაც კი, რაც შეიძლება ქონდეს საქართველოს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ევროპარლამენტის პრეზიდენტმაც და ევროკომისარმა ვერჰეიმაც, გამოთქვეს მზაობა უახლოეს მომავალში ეწვიონ საქართველოს. ევროკომისია აქტიურად განიხილავს საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების პერსპექტივებს და შესაძლებლობებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა