მაკა ბოჭორიშვილი - ბორელის მთავარი გზავნილი იყო, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში მნიშვნელოვანია ყველას მონაწილეობა, ოპოზიციის მიმართ იყო მოწოდება, ეთანამშრომლონ უმრავლესობას
მაკა ბოჭორიშვილი - ბორელის მთავარი გზავნილი იყო, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში მნიშვნელოვანია ყველას მონაწილეობა, ოპოზიციის მიმართ იყო მოწოდება, ეთანამშრომლონ უმრავლესობას

ჯოზეფ ბორელის მთავარი გზავნილი იყო, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში მნიშვნელოვანია ყველას მონაწილეობა. ოპოზიციის მიმართ იყო მოწოდება, ეთანამშრომლონ უმრავლესობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოისმინეს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა.

„პარლამენტში ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრა იყო შესაძლებლობა, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს საკუთარი პოზიციები გამოეხატა უმაღლეს წარმომადგენელთან. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მხარდაჭერა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა. მნიშვნელოვანია 12 რეკომენდაციის შესრულება და პროცესში ყველას მონაწილეობა. გზავნილი იყო ცალსახა, რომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, რაც ერთგვარად უმრავლესობის პრეროგატივაა, შექმნას ინკლუზიური პროცესი. მეორე მხრივ, იყო ოპოზიციის მიმართ მოწოდება, რომ იყვნენ თანამშრომლობის განწყობაზე, ეთანამშრომლონ უმრავლესობას, რათა შევძლოთ ერთად მუშაობა რეკომენდაციებზე და გავაგრძელოთ რეკომენდაციების შესრულება. ეს იყო მთავარი გზავნილი. ევროკავშირის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი, მხარდაჭერა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, გამოწვევების წინაშე თანამშრომლობა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დეოლიგარქიზაცისთან დაკავშირებით მთავრობა უახლოეს დღეებში ან კვირაში სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს.

„ევროკომისიის მხრიდან მოვისმინეთ შუალედური ანგარიში, შესაბამისად, რაიმე ახალი შეფასება ევროკომისიისგან არ კეთდება, ვიდრე არ მომზადდება და გამოქვეყნდება ანგარიში, რომელსაც ყველა ველოდებით ოქტომბერში. შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე სპეკულაციები აბსოლუტურად ზედმეტია. დაველოდოთ ოქტომბრის შეფასებებს, მანამდე უნდა გავაკეთოთ ის, რაც შესაძლებელია, რომ მოესწროს, რაც ვიცით, რომ ევროკომისიის მხრიდან არის მოთხოვნა. ერთ-ერთი ასეთი საკითხია დეოლიგარქიზაციაა. ჩვენ არ მივიღებთ კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ და გავითვალისწინებთ ვენეციის კომისიის მოსაზრებებს სისტემურ მიდგომასთან დაკავშირებით. გარკვეული მონახაზი უკვე გაკეთებულია და მთავრობის მხრიდან სამოქმედო გეგმის დამტკიცებას ველოდებით, რაც უახლოეს დღეებში ან კვირაში მოხდება. შესაბამისად, ეს არის საქართველოს მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯი, რაც 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით უახლოეს მომავალში გადაიდგმება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.