მაკა ბოჭორიშვილი - ერიკა ოლსონის ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვინაიდან უდიდეს ყურადღებას ვანიჭებთ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით ჩვენი მიზნების მიღწევის კუთხით
მაკა ბოჭორიშვილი - ერიკა ოლსონის ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვინაიდან უდიდეს ყურადღებას ვანიჭებთ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით ჩვენი მიზნების მიღწევის კუთხით

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ერიკა ოლსონის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვინაიდან უდიდეს ყურადღებას ანიჭებენ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით ქვეყნის სტრატეგიული მიზნების მიღწევის კუთხით.

„შეხვედრის ფარგლებში, რომელიც დაგეგმილია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან და პარლამენტის წარმომადგენლებთან, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობაზე და იმ მნიშვნელობაზე, რასაც ჩვენ ვანიჭებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, პარტნიორულ ურთიერთობებს და თანამშრომლობას. ეს არის უპირველეს ყოვლისა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაში სწრაფვისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ასევე ისაუბრებენ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე.

„ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა არის უდავოდ ყველაზე მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ჩვენ ასევე ვისაუბრებთ იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

ჩვენი მოლოდინი არის, რომ ჩვენ ვისაუბრებთ სამომავლო ნაბიჯებზე, სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და პირველ რიგში ამ საკითხებზე გვექნება საუბარი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.