მაკა ბოჭორიშვილი - არის მოსაზრება, რამდენად ეხმარება ევროპის სოციალისტური ჯგუფის წევრობა საქართველოს მიზნის მიღწევაში, ამაზე იქნება დამოკიდებული მომავალი თანამშრომლობა
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან ურთიერთობები ქართველი ხალხის ინტერესებისა და ფასეულობების გათვალისწინებით გაღრმავდეს.
მისივე თქმით, პროცესში სხვადასხვა პოლიტიკურ ოჯახთან თანამშრომლობა და ურთიერთობა მოუწევთ. როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროპის სოციალისტური ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებები თანამშრომლობას ხელს არ უწყობს.
„საქართველოს რაც ევროკავშირთან აერთიანებს, პირველ რიგში, ეს არის ფასეულობები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ ფასეულობების დაცვით ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სიარული. ამ პროცესში მოგვიწევს სხვადასხვა პოლიტიკურ ოჯახთან თანამშრომლობა და ურთიერთობა, რათა საქართველომ ქართველი ხალხის ინტერესებისა და ფასეულობების გათვალისწინებით ევროკავშირის ფარგლებში ადგილი დაიმკვიდროს.
შესაბამისად, მცდელობები, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება განსხვავებულ ადგილებზე იყოს წარმოჩენილი, არ ეხმარება და არ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, არ ემსახურება ქვეყნის მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი. უმჯობესია, მსგავს საკითხებზე მსჯელობა გაიმართოს პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობით და კონსულტაციების საფუძველზე, თუმცა ვხედავთ ევროპის სოციალისტური ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც ჩვენს თანამშრომლობას ხელს არ უწყობს. არის მოსაზრება, რამდენად ეხმარება ამ პოლიტიკური ჯგუფის წევრობა საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას მიზნების მიღწევაში. რა თქმა უნდა, ჩვენი გადაწყვეტილება და მომავალი თანამშრომლობა სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.