მაკა ბოჭორიშვილი - არასწორი მიმართულება, რომელსაც USAID-ი და მისი ხელით სხვა დონორი ორგანიზაციები მიუყვებოდნენ, შეჩერებულია, ეს ნიშნავს, რომ სწორად ვაკეთებდით აქცენტებს
მაკა ბოჭორიშვილი - არასწორი მიმართულება, რომელსაც USAID-ი და მისი ხელით სხვა დონორი ორგანიზაციები მიუყვებოდნენ, შეჩერებულია, ეს ნიშნავს, რომ სწორად ვაკეთებდით აქცენტებს

ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი ვსაუბრობდით, რომ რაღაც მიდიოდა არასწორი მიმართულებით, როდესაც საუბარი ეხებოდა უცხო ქვეყნების, დონორების მხრიდან სხვადასხვა პროექტის დაფინანსებებს, რომლებიც ვითომ მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ახლა ამ საკითხებზე საუბრობს თავად აშშ-ის პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია.

„ის არასწორი მიმართულება, რომელსაც მიუყვებოდნენ USAID-ი და USAID-ის ხელით სხვა დონორი ორგანიზაციებიც, ამ ეტაპზე შეჩერებულია და ამას აქვს ძალიან კონკრეტული საფუძვლები. ეს საფუძვლები უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან სწორად ვაკეთებდით აქცენტებს, სწორი ნაბიჯები გადავდგით, რათა არ დაგვეშვა იმ დონორების მხრიდან, რომელთა სურვილი იყო საქართველოში არასტაბილურობა, ეს მიზანი მიღწეული ყოფილიყო. საკმაოდ ადრე დავიწყეთ ამ საკითხებზე აქცენტების გაკეთება, რაზეც ახლა ხმამაღლა საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტი. ჩვენც ღიად ვსაუბრობდით და მივანიშნებდით, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდნენ დონორების მხრიდან, პირდაპირ ბმაში იყვნენ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებთან, პირდაპირ უკავშირდებოდა ეს თანხები ქართულ პოლიტიკაში საქმიანობის განხორციელებას. ეს შეიძლება, პირდაპირ აღვიქვათ არჩევნებში ჩარევად, საარჩევნო პროცესებში გავლენის მოსახდენად. შესაბამისად, ეს არ არის შორს სიმართლისგან, პირიქით. საქართველო არის კარგი მაგალითი, როგორ ხდებოდა პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სხვადასხვა გზის გამოყენებით საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენა და საარჩევნო პროცესში ჩარევა.

პირველ რიგში, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხებთან დაკავშირებით. საკმაოდ მტკივნეული იყო ეს პროცესი, მაგრამ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძალიან კარგად ჩანს, რა პროცესებთან გვქონდა საქმე, რას ებრძოდა და რისთვის იბრძოდა საქართველოს ხელისუფლება. ეს არის სამართლიანობა, სამართლიანი მიდგომა დემოკრატიის პრინციპებისადმი და, რა თქმა უნდა, ეს უნდა გაგრძელდეს. ამისთვის ერთადერთი გზა არის კანონმდებლობა, საკანონმდებლო გზით სიარული, რათა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას არ შეექმნას საფრთხე და მაქსიმალურად შევეცადოთ, ჩვენი ქვეყანა სწორად განვითარდეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.