მაკა ბოჭორიშვილი - არასდროს გავურბივართ არცერთ კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსთან, ევროპარლამენტართან შეხვედრას, ჩვენთვის ყველას მოსაზრება მნიშვნელოვანია
მაკა ბოჭორიშვილი - არასდროს გავურბივართ არცერთ კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსთან, ევროპარლამენტართან შეხვედრას, ჩვენთვის ყველას მოსაზრება მნიშვნელოვანია

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში შეხვედრებს მართავს. როგორც საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტარებს მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია, რა გააკეთა საქართველომ რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით,

„ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ბრიუსელში იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მზადდება ანგარიში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტი არ არის ის ინსტიტუტი, რომელიც უშუალოდ ჩართულია ანგარიშის მომზადებაში, მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტარებსაც ჰქონდეთ ჩვენგან დეტალური ინფორმაცია, რა გააკეთა საქართველომ, რა ნაბიჯები გადავდგით 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რა პროცესები მიმდინარეობს და რა მოლოდინები გვაქვს ევროკავშირის საბჭოსგან დეკემბერში.

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ჩვენთვის თითოეული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ისიც გვახსოვს, რომ გასულ წელს ევროპარლამენტის მხრიდან საკმაოდ კრიტიკული რეზოლუციები იყო, რომლებზეც ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ უსამართლო და არაობიექტურ ფაქტებზე იყო დაფუძნებული. ამ პირობებში, მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტთან ინტენსიური დიალოგი გვქონდეს, მივაწოდოთ ინფორმაცია და საქართველოსთან დაკავშირებით ობიექტური შეფასებები გაკეთდეს, როდესაც შეფასება მოხდება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, არასდროს გაურბიან კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსთან და ევროპარლამენტართან შეხვედრას.

„ჩვენ არასდროს გავურბივართ არცერთ კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსთან და ევროპარლამენტართან შეხვედრას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა დეპუტატის თუ ევროპარლამენტარის მოსაზრება, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაციები. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დააფიქსიროს საკუთარი პოზიციები, თუმცა ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდან ჰქონდეთ ინფორმაცია, რა პროცესებთან გვაქვს საქმე და რა ხდება საქართველოში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.