მაკა ბოჭორიშვილი - არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები შეიზღუდოს რაიმე ნიშნით, მნიშვნელოვანია, ესა თუ ის საკითხი სწორი აქცენტებით შეფასდეს
მაკა ბოჭორიშვილი - არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები შეიზღუდოს რაიმე ნიშნით, მნიშვნელოვანია, ესა თუ ის საკითხი სწორი აქცენტებით შეფასდეს

არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების შეზღუდვა რაიმე ნიშნით მოხდეს, მნიშვნელოვანია, ესა თუ ის საკითხი სწორი აქცენტებით შეფასდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საკითხის შესახებ არასწორ ინტერპრეტაციებს აკეთებენ.

„საუბარი არ არის ადამიანის უფლებების რაიმე შეზღუდვაზე. წარმოუდგენელია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ამ აქცენტით მოხდეს. ეს კანონპროექტი დისკრიმინაციული ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ არანაირად არ უკავშირდება ადამიანის უფლებების შეზღუდვას. შესაბამისად, არასწორი იქნება, მას დისკრიმინაციული ვუწოდოთ, რადგან არანაირად არ ახდენს ადამიანის უფლებების დისკრიმინაციას ან ამ კუთხით რამენაირად განსხვავებას. მნიშვნელოვანია, ესა თუ ის საკითხი სწორი აქცენტებით შეფასდეს, მით უმეტეს, როცა ჩვენ არანაირი სურვილი, მიზანი და ჩანაფიქრი არ გვაქვს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების შეზღუდვა რაიმე ნიშნით მოხდეს. საუბარია მხოლოდ პროპაგანდაზე და ეს ადამიანის უფლებების შეზღუდვას არანაირად არ ეხება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.