მაკა ბოჭორიშვილი - არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე უმაღლეს დონეზე შეფასდა ორ ქვეყანას შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობები
მაკა ბოჭორიშვილი - არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე უმაღლეს დონეზე შეფასდა ორ ქვეყანას შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობები

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრა შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, იმ დინამიკას, რომელიც ქვეყნებს შორის გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობების, პოლიტიკური დიალოგის განვითარების კუთხით, – მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შესახებ განაცხადა.

მინისტრის თქმით, უმაღლეს დონეზე შეფასდა ის ურთიერთობები, რაც ორ ქვეყანას შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.

„ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე, განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პროცესები, გლობალურად მიმდინარე პროცესები. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, პარტნიორებს შორის იყოს გარკვეული აზრების გაცვლა-გამოცვლა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასევე, ვისაუბრეთ სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, შუა დერეფნის განვითარებაზე, მის პოტენციალსა და საქართველოს როლზე, ზოგადად, დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პროცესში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.