მაკა ბოჭორიშვილი - ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში შეხვედი ახლად დანიშნულ ალბანელ კოლეგას, ვისაუბრეთ ორი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე, საერთო გამოწვევებზე
ანტალიის დიპლომატიის ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც მაღალი დონის დიალოგისა და შეხვედრების შესაძლებლობას იძლევა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ფორუმში საქართველოს მონაწილეობის შეაფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ფორუმის ფარგლებში ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო მაღალი დონის პანელში, სადაც გაიმართა დისკუსია თანამედროვე გლობალურ გამოწვევებზე. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ხედვებზე და ჩვენს პერსპექტივაზე გლობალურად მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ფორუმის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე და აღნიშნა ალბანეთის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის მნიშვნელობა.
„მქონდა შეხვედრა ჩემს ახლად დანიშნულ ალბანელ კოლეგასთან. ვისაუბრეთ საქართველოსა და ალბანეთის ევროინტეგრაციის პროცესზე, საერთო გამოწვევებზე და, ასევე, რეგიონში მიმდინარე კრიზისზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის, წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების განსახილველად.
„დღეს ასევე შედგება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ მეზობელ, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.