მაკა ბოჭორიშვილი - ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის ამერიკასთან და ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობებს განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ
მაკა ბოჭორიშვილი - ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის ამერიკასთან და ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობებს განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ

საქართველოს უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის ამერიკასთან და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ამ ურთიერთობებს განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არიან საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეები. გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ამ ვითარებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობის სათანადოდ წარმართვა. ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკასთან და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ამ ურთიერთობებს განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ.

თუ ვინ არის ჩვენი, საქართველოსთვის საფრთხის შემქმნელი, ჩვენ ამას 30 წელიწადია, ვუყურებთ. ამ რეალობაში ყოველდღიურად ვცხოვრობთ და ყველა ქართველს კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული და გააზრებული, რა საფრთხეებს უყურებს ქვეყანა. ეს ჩვენს თავზე გამოვცადეთ, ჩვენმა მშობლებმა გამოსცადეს და ძალიან არ გვინდა, ჩვენმა შვილებმაც იგივე გამოსცადონ. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და სიფრთხილით ვეკიდებით იმ​ უსაფრთხოების გარემოს, რაც რეგიონშია შექმნილი. ვფრთხილობთ, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს კიდევ ერთხელ ოკუპაციის მსხვერპლი, რუსული აგრესიის, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ჯერ კიდევ ვუყურებთ ოკუპირებულ რეგიონებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ „მზაკვრული ნარატივი, რომელიც, „ფეესბეს“ დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა, როგორც ჩანს, გრძელდება, სურს, მკაფიოდ განვაცხადო, რომ აშშ არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას“.