მაკა ბოჭორიშვილი – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებთან დაკავშირებით ნაურუს გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური ძალისხმევის გამარჯვებაა

15:12, 29.07.2026

ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საქართველოს არაღიარების პოლიტიკისა და იმ დიპლომატიური ძალისხმევის, რასაც საგარეო სამსახური ახორციელებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტის დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თავის დროზე ნაურუს გადაწყვეტილება იყო საერთაშორისო სამართლის და ნორმებს უხეში დარღვევა.

„ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორთან, რომ ეს გადაწყვეტილება უკან ყოფილიყო წაღებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო პერიოდში განხორციელებული მუშაობა, რისი შედეგიც არის დღევანდელი გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ყველა დიპლომატს, ვინც არ იშურებს ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის საერთაშორისო ასპარეზზე და, რა თქმა უნდა, ვუსურვო წარმატება ჩვენს ქვეყანას საქართველოს სუვეენტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში გადადგმულ ნაბიჯებში. ეს არის რთული პროცესი, ეს არ არის მარტივი. ახლოვდება 2008 წლის ომის წლისთავი, ამ ომის შედეგი იყო სწორედ აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და, სამწუხაროდ, ის საერთაშორისო შედეგები, რაც მოჰყვა ამ აღიარებას საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მხრიდან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკანონოდ იყო მიღებული, უკან იყოს წაღებული და ასევე გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც სჭირდება ქვეყნის სუვერენტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელმა ორგანომ, ნაურუს კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

მსგავსი