მაკა ბოჭორიშვილი - ადმინისტრაციული კოდექსის გამკაცრება შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს, ევროკომისიის ასეთი ანგარიშები ძირს უთხრის ევროკავშირის სანდოობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციები არანაირად არ ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვა ადმინისტრაციული კოდექსის გამკაცრების შესახებ, რომლის მიხედვით, „ნიღბების ტარების თუ გზის გადაკეტვის გამო გამკაცრდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ჯარიმები ჩაანაცვლა ადმინისტრაციულმა პატიმრობამ. ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში ჩაიწერა, რომ ეს კოდექსი ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას“.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ბევრ საერთაშორისო პარტნიორს ძალიან გაუკვირდა, რომ ამ დრომდე არ ჰქონდა საქართველოს მსგავსი კანონმდებლობა. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს ეს კანონები კი არ უთხრის ძირს, არამედ ასეთი ანგარიშები ძირს უთხრის ევროკავშირის რეპუტაციას და სანდოობას.
„ევროკომისიის ანგარიში, რომელიც სრულიად ხუჭავს თვალს რეალობაზე, აკეთებს ძალიან ბევრ უსაფუძვლო დასკვნას. ძალიან რთულია, აღვიქვათ, როგორც გზამკვლევი. ეს ანგარიში არც საქართველოს ინტერესს ემსახურება, არც ევროპის ინტერესს და საერთოდ არ ემსახურება საქართველო-ევროკავშირის ინტერესების გაძლიერებას. საქართველოს ეს კანონები კი არ უთხრის ძირს, ასეთი ანგარიშები ძირს უთხრის ევროკავშირის რეპუტაციას და სანდოობას. როდესაც თეთრზე გეუბნებიან რომ შავია, რთულია, შემდეგ დაიჯერო, რაც იქ წერია საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში პირდაპირ ითქვა, რომ არ შევაფასებთ რეალურ მდგომარეობას, ჩვენ გავაკეთებთ მხოლოდ დასკვნებს, რომელიც დაფუძნებულია ჩვენსავე ილუზიებზე.
ეს კანონი არანაირად არ ზღუდავს შეკრების თავისუფლებას. ყველა ქვეყანას აქვს კანონები იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რა მოცემულობაც არის ქვეყანაში. შეიძლება, რომ 100 კაცი თავისუფლად განლაგდეს ისე, რომ სხვებს არ შეუქმნას გადაადგილების პრობლემა. ამ კანონს არ შეუზღუდავს არც შეკრების და არც მათი გამოხატვის თავისუფლება. ერთადერთი, ეს კანონები იმას აკეთებს, რომ აწესრიგებს გარკვეულ ურთიერთობებს, რომ ბევრად უფრო მეტ ადამიანს არ შეეზღუდოს უფლებები. ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ იმ კანონებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას, რომელიც სჭირდება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას საქართველოში და ჩვენი მოქალაქეების სტაბილურ გარემოში ცხოვრებას. ასეთ კანონებს ნამდვილად მივიღებთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.