„მაივეი ეარლაინსის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სუდანში ავიაკომპანიის 13 თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც ბოლო მონაცემებით უსაფრთხოდ არიან
„მაივეი ეარლაინსის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სუდანში ავიაკომპანიის 13 თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც ბოლო მონაცემებით უსაფრთხოდ არიან

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ გენერალური დირექტორი რატი ბაკურაძე აცხადებს, რომ სუდანში იმყოფება მათი კომპანიის 13 თანამშრომელი, რომლებიც ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან.

ბაკურაძის განცხადებით, ავიაკომპანია ელოდება სუდანში სიტუაციის დასტაბილურებას, რომ თავისი თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელოს.

„ჩვენი 13 თანამშრომელი იმყოფება სუდანში. ბოლო მონაცემებით უსაფრთხოდ არიან. ეპიცენტრიდან ცოტა მოშორებით იმყოფებიან, წყალი აქვთ დაახლოებით სამი დღის მარაგის და ერთი დღის მარაგის აქვთ საკვები. თუმცა, ჩვენს სუდანელ პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში მივაწოდოთ საკვები და წყალი. ამ ეტაპისთვის დენი ჩართულია, გადაკეტილია გზები და მოძრაობა შეზღუდულია იქიდან გამომდინარე, რომ რევოლუციური სცენარები მიმდინარეობს. გაფრთხილებული გვყავს ყველა, რომ მოშორებით იყვნენ ფანჯრებიდან, რადგან გუშინ იყო პატარა ინციდენტი, როდესაც ბრმა ტყვია შევარდა მათი საცხოვრებლის სამზარეულოს ნაწილში, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან საძინებლები და საცხოვრებელი ნაწილი არის შენობის მეორე მხარეს. ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას, რომ ჩვენი ეკიპაჟი გამოვიყვანოთ. ამ ეტაპზე ჩვენ კომუნიკაციაში ვართ თურქეთში საქართველოს კონსულთან და ერთმანეთს ვუცვლით ინფორმაციას. მწვანე დერეფანზე საუბარი ცოტა ადრეა, რადგან რამდენიმე ძალა იმყოფება იქ, რომლებთანაც კონტროლი ძნელია“, – განაცხადა რატი ბაკურაძემ.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, 600-ზე მეტი კი დაშავებულია.