„მაივეი ეარლაინსში“ აცხადებენ, რომ თანამშრომლების სუდანიდან ევაკუაციას დაიწყებენ, როგორც კი ზავის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია და უსაფრთხოების გარანტია ექნებათ
„მაივეი ეარლაინსში“ აცხადებენ, რომ თანამშრომლების სუდანიდან ევაკუაციას დაიწყებენ, როგორც კი ზავის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია და უსაფრთხოების გარანტია ექნებათ

როგორც კი იქნება უსაფრთხოების გარანტია, შევძლებთ სუდანიდან ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციას, – ამის შესახებ „მაივეი ეარლაინსის“ გენერალურმა დირექტორმა, რატი ბაკურაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ზავის შესახებ ჯერ დადასტურებული ინფორმაცია არ აქვთ.

„სუდანში ჩვენი 13 თანამშრომელია. აეროპორტთან ახლოს, ცალკე საცხოვრებელში იმყოფებიან. შიგადაშიგ სროლებია, მაგრამ ამ ეტაპისთვის უსაფრთხოდ არიან. აქვთ ცოტა საწვავის მარაგი, რომ გენერატორი ჩართონ და დატენონ ტელეფონი. წყლის და საკვების მარაგი შედარებით ეწურებათ, მაგრამ ერთ-ორ დღეს გასტანს. ჯერჯერობით დადასტურებული ინფორმაცია არ მაქვს ზავის შესახებ. ჩართული ვართ ჩვენს სუდანელ პარტნიორებთან ერთად კომუნიკაციაში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, კონსულთან გვაქვს აქტიური ურთიერთობა. როგორც კი უსაფრთხო ინფორმაცია გვექნება დაზუსტებული და იქნება უსაფრთხოების გარანტია, ჩვენ ერთობლივი ძალით შევძლებთ მათ ევაკუაციას. ჩვენ და „ჯეო სქაი“, მეორე ქართული ავიაკომპანია, ერთად ვართ შეთანხმებული, რომ ჩვენი სამი ხომალდი იმყოფება იქ, რომელიც იქნება, ერთიც რომ იყოს მწყობრში გამოსაყვანად, ერთობლივად 33 თანამშრომელი გყავს სულ, გამოვიყვანთ ერთობლივი ძალებით“, – განაცხადა ბაკურაძემ.

მედიის ცნობით, სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72-საათიან ზავზე შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყურბან ბაირამის დასრულებამდე იმოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება.

სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს. „ბიბისის“ ცნობით, მიმდინარე ბრძოლების გამო, 200-მდე ადამიანი დაიღუპა. სუდანის დედაქალაქში სურსათისა და წყლის დეფიციტია.