მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 9.6 პროცენტით შემცირდა
მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 9.6 პროცენტით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.8 მლნ აშშ დოლარი (421.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.6 პროცენტით (13.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში ერთ მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. პირველ ადგილს, 27.59 მლნ დოლარით, იტალია იკავებს. მეორე ადგილზეა რუსეთი – 19.77 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს, 18.82 მლნ აშშ დოლარით, საბერძნეთი იკავებს. მეოთხე ადგილზეა აშშ – 15.21 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე ისრაელი – 11.38 მლნ აშშ დოლარით.

სებ-ის მონაცემებით, იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 89.9 პროცენტი მოდიოდა.

2020 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.6 მლნ აშშ დოლარი (43.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის მაისის (20.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 33.7 პროცენტით ნაკლებია.

ამასთან, 2020 წლის აპრილთან შედარებით, მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა 53 მილიონი დოლარით გაიზარდა.