მაისიდან მსხვილ კომპანიებს ელექტროენერგიის შეძენა თავისუფალ ბაზარზე მოუწევთ
პირველი მაისიდან მსხვილ კომპანიებს ელექტროენერგიის შეძენა თავისუფალ ბაზარზე მოუწევთ.
უკვე განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საწარმო ვალდებულია, პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირდეს.
ვალდებულება შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც თვეში მინიმუმ 5 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიას მოიხმარენ და ამ ელექტროენერგიას ან მის ნაწილს იღებენ 35-110 კილოვოლტის ძაბვის ან 6-10 კილოვოლტის ძაბვის მდებარე მიწოდების წერტილებიდან.
თვის საშუალო მოცულობა გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ჯამური ოდენობის გაყოფით იმ თვეების რაოდენობაზე, როდესაც განხორციელდა მოხმარება.
პირველი მაისიდან, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლებს პირდაპირი კავშირის დამყარება მოუწევთ ელექტროენერგიის მწარმოებლებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სადისტრიბუციო კომპანიებისგან, ანუ „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“, ელექტროენერგიას აღარ შეიძენენ.
ბაზრის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თავისუფალ ბაზარზე თავდაპირველად ძალიან რთული იქნება იაფიანი წყაროს მოპოვება, რაც შესაძლოა, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაში აისახოს.
ამჟამად, ესკო-ს ბაზაში ექვსი პირდაპირი მომხმარებელია დარეგისტრირებული: „ენერგო-პრო ჯორჯია“, „ჯორჯიან მანგანეზი“, „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „ჯეო სერვერსი“ და „ქუთაისი ინვესტმენტსი“.
ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება იხილეთ ბმულზე.
ავტორი: ნინო ტაბატაძე