„მაიკროსოფტის“ ვიცე-პრეზიდენტი - შთაგონებული ვართ იმ ძალისხმევითა და სიმტკიცით, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტრომ „კოვიდ-19“-ის საპასუხოდ გამოავლინა
„მაიკროსოფტის“ ვიცე-პრეზიდენტი - შთაგონებული ვართ იმ ძალისხმევითა და სიმტკიცით, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტრომ „კოვიდ-19“-ის საპასუხოდ გამოავლინა

კორპორაცია „მაიკროსოფტის“ (Microsoft) განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, ენტონი სალსიტომ „კოვიდ-19“-ის (COVID-19) კრიზისის პირობებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა, – ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ შთაგონებული ვართ იმ უზარმაზარი ძალისხმევითა და სიმტკიცით, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „კოვიდ-19“-ის კრიზისის საპასუხოდ სისტემის ადაპტაციის დროს გამოავლინა. სწორედ ეს ნაბიჯები დაეხმარა მოსწავლეებს, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სწავლის შეუფერხებლად გაგრძელებაში. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD)​  საქართველო აღიარა, როგორც წამყვანი ქვეყანა ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ გვსურდა, შესაძლებლობა მიგვეცა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, უფრო მეტი გაეგოთ საქართველოს მიდგომებისა და განვლილი გზის შესახებ.  ჩვენ ვამაყობთ, რომ მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტს შემოუერთდა და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტ ლიდერს თავისი გამოცდილება გაუზიარა“, – განაცხადა ენტონი სალსიტომ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია „მაიკროსოფტის“ ​მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო.

განათლების უწყების ცნობით, სამიტში მონაწილეობა ასევე მიიღეს ავსტრიისა და ეკვადორის განათლების მინისტრებმა, კორპორაცია „მაიკროსოფტის“, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა (UNESCO) და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლებმა.

„აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყნას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. „მაიკროსოფტის“​მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელს, ანდრეას შლაიხერს მაღალი შეფასებისათვის დიდი მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი