„მაიკროსოფტი“ - ჟურნალისტების ნაწილს რობოტებით ჩავანაცვლებთ
„მაიკროსოფტი“ - ჟურნალისტების ნაწილს რობოტებით ჩავანაცვლებთ

კორპორაცია „მაიკროსოფტი“ ჟურნალისტების ნაწილს რობოტებით ჩაანაცვლებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, საუბარია იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც „მაიკროსოფტის“ ვებგვერდ „ემესენისთვის“ ახალ ამბებს და სურათებს არჩევს. როგორც „სიეთლ თაიმსი“ წერს, ჟურნალისტების ნაცვლად ამ საქმეს „ხელოვნური ინტელექტი“ შეასრულებს.

„მაიკროსოფტი“, ისევე როგორც სხვა ტექნლოგიური კომპანიები, მედიასაშუალებებს მათი მასალის გამოყენებისთვის ფულს უხდის. თუმცა, დღემდე ჟურნალისტები წყვეტდნენ, თუ რომელი სტატია ან ამბავი, უნდა მოხვედრილიყო კომპანიის ვებგვერდზე.

როგორც ამერიკული მედია წერს, კომპანიის გადაწყვეტილების შედეგად ივნისის ბოლოს ჟურნალისტების გარდა, უსამსახუროდ დარჩება ახალი ამბების 50 პროდიუსერიც.