მაიკლ კარპენტერი - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი რურუას გათავისუფლება საფუძვლიანი მოთხოვნაა და ის უნდა გაათავისუფლონ
აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველი და ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის პოლარიზაცია კიდევ უფრო გამოიკვეთა და ამ ფონზე, მხარეებმა კომპრომისზე წასვლა კიდევ უნდა შეძლონ. მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს და ამით ბოლომდე კონკურენტული საარჩევნო გარემო უზრუნველყოს.
„ორივე მხრიდან ვხედავ დიალოგის გამართვის და კომპრომისის მონახვის სურვილს. ის, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება გადაწყვიტა, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემის, ოპოზიციური პარტიებისთვის უფრო სამართლიანი სისტემის ქონის საშუალებას იძლევა. ამ ცვლილებების მიღება ახლა გარკვეულ პირობებს უკავშირდება, რომლებიც ჩემი აზრით, საფუძვლიანია. მათ შორისაა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი რურუას გათავისუფლება. მე ვფიქრობ, ეს საფუძვლიანი მოთხოვნაა და ის უნდა გაათავისუფლონ. თუ ეს მოხდა – და მე ამის იმედი მაქვს – ვფიქრობ, ცვლილებებს საზოგადოებაში ფართო მხარდაჭერა აქვს და მათი მიღების შემთხვევაში ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ გარემოში გაიმართება, რაც ყველას სურვილია“, – განუცხადა „ამერიკის ხმას“ კარპენტერმა.
მისი თქმით, ყველა დემოკრატიაში არსებობს პოლიტიკურ მხარეებს შორის დაპირისპირება.
„ყოველთვისაა დაძაბულობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. საბოლოო ჯამში, ყველაფერი თამაშის წესების პატივისცემას, დემოკრატიის პრინციპების პატივისცემას უკავშირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობდეს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემა. მე ვნახე ბატონი რურუას წინააღმდეგ არსებული ბრალდებები. თქვენ შეგიძლიათ, დაიჯეროთ ან არ დაიჯეროთ ამ ბრალდებების სიმართლე. მე მიმაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ ის უნდა გაათავისუფლოს და მას და მის პარტიას შემაკავებელი ფაქტორების გარეშე მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.
მმართველ პარტიას ბევრი პოზიტიური რამ აქვს ხალხისთვის სათქმელი. მათ არაჩვეულებრივად გაართვეს თავი კორონავირუსის პანდემიას. საქართველო, ვირუსთან გამკლავების თვალსაზრისით, მსოფლიოს მასშტაბითაა ლიდერი. მათ, როგორც მმართველ პარტიას, შეუძლიათ ეს მიღწევა გამოიყენონ საარჩევნო პლატფორმად. მოდით, არ გვქონდეს ეს შეფარული ძალისხმევა, რომ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შევუშალოთ. ყოველთვის არსებობს კომპრომისი, ამბავს ყოველთვის ორი მხარე აქვს, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასე ხდება. საქართველოში კარგი ისაა, რომ დიალოგი მიმდინარეობს. იმედი მაქვს, ამ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი იქნება“, – აცხადებს კარპენტერი.
ამასთან, მისივე თქმით, „ყველა მხარისთვის ყველაზე სუფთა გამოსავალი ის იქნება, რომ რურუა გაათავისუფლონ“.
„საკონსტიტუციო ცვლილელები დიდი უმრავლესობით და საზოგადოების უკვე არსებული მხარდაჭერით დამტკიცდეს და შემდეგ დავიწყოთ ფიქრი არჩევნებზე. მინდა კომპლიმენტი გავუკეთო „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ რამდენჯერმე კომპრომისზე წავიდა, რომ ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა. არ მგონია, სამართლიანი იყოს ყველა ნაბიჯზე მათი კრიტიკა, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ერთ-ერთი უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი არჩევნებამდე გაათავისუფლონ. ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ არჩევნებზე ფიქრი და საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა მოვიპოვოთ“, – აცხადებს მაიკლ კარპენტერი.
ამასთან, მაიკლ კარპენტერმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ლიდერი გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს.