მაიკლ ბლუმბერგმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტს 1,8 მილიარდი დოლარი გადაურიცხა
ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტს 1.8 მილიარდი დოლარი გადაურიცხა. ბლუმბერგმა აღნიშნული სასწავლებელი 1964 წელს დაამთავრა. როგორც Twitter-ის გვერდზე ბლუმბერგი განმარტავს, ეს თანხა მისცემს საშუალებას უნივერისტეტს აბიტურიენტები ისე ჩარიცხონ, რომ მათი ფინანსური მდგომაროება აღარ გაითვალისწინონ.
როგორც The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში მილიარდერი ბლუმბერგი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ღარიბი სტუდენტების დისკრიმინაციის შესახებ შეიტყო.
„უნივერსიტეტმა არცერთ აბიტურიენტს არ უნდა დაუხუროს კარი მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ოჯახის ფინანსური მდგომაროება არსახარბიელოა. მაგრამ ეს მაინც ხდება. შედეგად, მცირეშემოსაველიანი ოჯახების წარმომადგენელ სტუდენტებს, რომელთაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საშუალება არ აქვთ, რადგან მათ ადგილს მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახების წარმომადგენელი აბიტურიენტები იკავებენ“, – წერს ნიუ-იორკის ყოფილი მერი.