მაიკ პომპეომ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის საქმიანობას მაღალი შეფასება მისცა

22:36, 27.07.2020

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბრისას მაღალი შეფასება მისცა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ეფექტიან ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც გახდა „კოვიდ-19“-ის პანდემია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, მათ შორის ლუგარის ცენტრის შექმნის, ასევე პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მრავალმხრივ დახმარებას, რაც ორი ქვეყნის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველია“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი