მაიკ პომპეომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გამო „დემოკრატები“ გააკრიტიკა
მაიკ პომპეომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გამო „დემოკრატები“ გააკრიტიკა

მაიკ პომპეომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გამო „დემოკრატები“ გააკრიტიკა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ მსგავსი ტაქტიკის მიმართ ტოლერანტული ვერ იქნება.

„მე გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა საკუთარი საქმის ერთგული პროფესიონალების შეშინების ყოველი მცდელობა თავიდან ავიცილო“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მიკრობლოგის საშუალებით.

აშშ-ის კონგრესის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმიჯის შესალახად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობდა, ეიძულებინა კიევი, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება ჩაეტარებინა.

გასულ კვირას თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპის და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა, რის შემდეგაც წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სატელეფონო საუბარში მონაწილეობა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომაც მიიღო.

დატოვე კომენტარი