მაიკ პომპეო ყატარში „თალიბანის“ ერთ-ერთ ლიდერს შეხვდა
მაიკ პომპეო ყატარში „თალიბანის“ ერთ-ერთ ლიდერს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, ყატარში, „თალიბანის“ ერთ-ერთ ლიდერს, მულა ბარადარს შეხვდა.

დოჰაში განთავსებული „თალიბანის“ ოფისის პრესსპიკერის, სუჰეილ შაჰინის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იქნა სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების გზები და პატიმრების გაცვლის საკითხი.

„შიდა ავღანური მოლაპარაკებები იწყება და შეთანხმების თანახმად, ავღანელები მიაღწევენ სამომავლო პოლიტიკურ სისტემაზე თანხმობას, მათ შორის მუდმივ მშვიდობასა და ცეცხლის შეწყვეტას. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ თქვა, რომ ამერიკული ძალები გრაფიკის შესაბამისად გადიან“, – აღნიშნა მულა ბარადარმა.

მოლაპარაკებების ფონზე, ავღანეთის ცენტრალურ ხელისუფლებასა და თალიბებს პატიმრების გაცვლაზე უთანხმოება აქვთ.

„თალიბანი“ 5 000 მებრძოლის გათავისუფლებას ითხოვს და სანაცვლოდ 1000 პატიმრის გაშვების პირობას დებს.

მათ შორის არიან ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და უსაფრთხოების ძალების წევრები.