მაიკ პომპეო - თუ 2020 წელს გაერო ირანის მიმართ იარაღზე დაწესებულ ემბარგოს გააუქმებს, ახალი არეულობებია მოსალოდნელი
მაიკ პომპეო - თუ 2020 წელს გაერო ირანის მიმართ იარაღზე დაწესებულ ემბარგოს გააუქმებს, ახალი არეულობებია მოსალოდნელი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 2020 წელს გაერო ირანის მიმართ იარაღზე დაწესებულ ემბარგოს გააუქმებს, ახალი არეულობებია მოსალოდნელი.

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწფო მდივანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ისაუბრა. შეკრება ახლო აღმოსავლეთსა და უსაფრთხოების საკითხებში არსებულ გამოწვევებს ეხებოდა.

უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე მაიკ პომპეომ საერთაშორისო საზოგადოებას აღნიშნული საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდა. აშშ-ის პირველი დიპლომატის განმარტებით, რეგიონში თანამშრომლობის წყალობით, ძველი პრობლემების ახლებურად გადაჭრის გზებს უნდა მიაგნონ. ერთ-ერთ გამოწვევად სახელმწიფო მდივანმა სირიისა და ლიბიის კონფლიქტები დაასახელა.

გაერო-ში ირანის წარმომადგენელმა კი, თავის მხრივ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში სტაბილურობის დამყარებას ხელს უშლის.

თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოთიშვის გადაწყვეტილება მიიღო. მალევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მოხსნილი სანქციები განაახლა.