მაიკ პომპეო საუდის არაბეთს ეწვევა
მაიკ პომპეო საუდის არაბეთს ეწვევა

მაიკ პომპეო საუდის არაბეთს ესტუმრება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში ვიზიტი საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმას უკავშირდება.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, 18 სექტემბერს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში სტუმრობის დროს მაიკ პომპეო პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება და რამდენიმე დღის წინ მომხდარ თავდასხმასთან ერთად რეგიონში ირანის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხს განიხილავს, რის შემდეგაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აბუ დაბის ეწვევა, სადაც არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრინცს შეხვდება.

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „არამკოს“ ობიექტებზე თავდასხმა 14 სექტემბერს განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანთან დაკავშირებულმა ჰუსიტებმა აიღეს, რომლებიც იემენის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ. საუდის არაბეთი თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს.

დატოვე კომენტარი