მაიკ პომპეო - რუსეთი ან სხვა უცხოური აქტორი თუ ეცდება აშშ-ის დემოკრატიული პროცესების ხელყოფას, საპასუხო ზომებს მივმართავთ
მაიკ პომპეო - რუსეთი ან სხვა უცხოური აქტორი თუ ეცდება აშშ-ის დემოკრატიული პროცესების ხელყოფას, საპასუხო ზომებს მივმართავთ

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლავროვთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს.

„რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები უნდა იყოს უკეთესი, ვიდრე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენი ორმხრივი კავშირები, რა თქმა უნდა, რთულია“, – განაცხადა პომპეომ.

მისი თქმით, ლავროვთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ სირია, ასევე ავღანეთი აღარასდროს გახდება თავშესაფარი „ისლამური სახელმწიფოსთვის“.

მისი თქმით, ასევე განიხილეს ვენესუელისა და უკრაინის საკითხი. პომპეომ აღნიშნა, რომ ლავროვი სულ ახლახან დაბრუნდა პარიზიდან, სადაც ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მან კიდევ ერთხელ განუცხადა რუს კოლეგას, რომ ყირიმი ეკუთვნის უკრაინას და რომ უკრაინის კონფლიქტი მინსკის შეთანხმებების შესაბამისად უნდა დარეგულირდეს.

მაიკ პომპეოს თქმით, ლავროვთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იარაღის კონტროლსაც. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ-ის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას ვაშინგტონის მხრიდან შესაბამისი ზომები მოჰყვება.

„ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით მკაფიოდ განვაცხადე, რომ ეს მიუღებელია. ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის იმუშავებს ჩვენი საარჩევნო პერიოდის ხელშეუხებლობის დასაცავად. თუ რუსეთი ან რომელიმე სხვა უცხოური აქტორი ეცდება ჩვენი დემოკრატიული პროცესების ხელყოფისთვის ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენ საპასუხო ზომებს მივმართავთ“, – განაცხადა პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე მიმართა რუსეთის მოსახლეობას და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ არის მიმართული რუსი ხალხის წინააღმდეგ.