აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების საკითხზე მინისტერიალს გამართავს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ 2017 წლის ანგარიშის წარდგენისას განუცხადა.
„მოხარული ვარ გაცნობით, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარე წლის 25-26 ივლისს ისტორიაში პირველად გამართავს მინისტრების შეხვედრას აღმსარებლობის თავისუფლების მხარდასაჭერად. ვიმედოვნებ, რომ შევხვდები ჩემს კოლეგებს საერთო შეხედულებების მქონე მთავრობებიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, რელიგიური თემების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა დავადასტუროთ რელიგიის თავისუფლებისადმი, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებისადმი მხარდაჭერა“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
როგორც პრეზენტაციისას მაიკ პომპეომ განაცხადა, ეს ანგარიში ადასტურებს აშშ-ის ისტორიულ როლს მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების დაცვაში.
„რელიგიური თავისუფლება ამერიკელების სისხლშია. ეს არის ის, რამაც აქ პილიგრიმები ინგლისიდან ჩამოიყვანა. ჩვენი დამფუძნებლები ამას აცნობიერებდნენ, როგორც პირველ თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, მათ ის ასე მკაფიოდ ჩამოაყალიბეს პირველ შესწორებაში. რელიგიური თავისუფლება იყო გადამწყვეტი ამერიკის დასაბამისთვის, მისი დაცვა კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი.