მაიკ პომპეო - პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის კოლოსალურ საფრთხეს წარმოადგენს
მაიკ პომპეო - პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის კოლოსალურ საფრთხეს წარმოადგენს

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის კოლოსალურ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა. 

მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ პროექტის საშუალებით დიდ სარგებელს მხოლოდ რუსეთი ნახავს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, რომ ენერგეტიკის სფეროში ევროპის უსაფრთხოების საკითხი პირველ ადგილზე იდგას”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ვარშავაში პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.   

თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას იზიარებს.

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გერმანიისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებს. თუმცა მას რიგი სახელმწიფოები მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები ეწინააღმდეგებიან. 

ვაშინტონში მიაჩნიათ, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ ევროპა რუსეთზე კიდევ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული.